"ქართული მარში" გურამ კაშიას ბოდიშის მოხდას ურჩევს
"თუ გურამ კაშია, თუნდაც ფეისბუკის თავის გვერდზე, გამოაქვეყნებს, რომ იგი ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, ჩვენ გავაუქმებთ ყველა დაგეგმილ ღონისძიებას", - განაცხადა "ქართული მარშის" წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვოკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ", - აცხადებს "ქართული მარშის" წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია.
კონსტანტინე მორგოშიას თქმით, "ქართული მარშის" აქტივისტები აპირებენ სტადიონის 16-17 სექტორში განთავსებას და საქართველო-ლატვიის მატჩის მსვლელობის დროს პერფორმანსის გამართვას, მათ შორის "შეძახილებით".
უფრო ადრე 9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ წესრიგის დაცვისკენ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მოუწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება”, - აღნიშნულია განცხადებაში.