კოსოვოში გზა გადაუკეტეს ვიზიტით ჩასულ სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს
კოსოვოში ასზე მეტმა ალბანელმა გადაკეტა საავტომობილო გზა დასახლებული პუნქტისკენ, რომელშიც კვირას უნდა ჩასულიყო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.
სერბეთის პრეზიდენტი წუხელ ჩავიდა ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც სერბული უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. კოსოვოს ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. მაგრამ კვირას, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ალბანელებმა გზა გადაკეტეს, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებით გაუუქმა ვუჩიჩს დრენიცის რეგიონში შესვლის უფლება.
სერბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გზის ბლოკადა მოაწყვეს ომი ვეტერანებმა, რომლებიც 1990-იან წლებში იბრძოდნენ კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის. თავის მხრივ, კოსოვოელი აქტივისტები თავად ვუჩიჩს სდებენ ბრალს ომის დროს კოსოვოს „მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის“ მხარდაჭერაში.