რეჟისორ ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად პარიზში დაიწყო უვადო შიმშილობა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ აქტივისტებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრიანელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად. აქციას სოლიდარობას უცხადებენ საფრანგეთის ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი აქტივისტები და მხატვრები. ისინი ერთმანეთს ყოველი 24 საათის განმავლობაში ჩაენაცვებიან. ოლეგ სენცოვის შიმშილობის 124-ე დღეს ამ აქციის დაწყების შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, კრისტიან ტობირმა გამოაცხადა. რუსეთის საელჩოს შენობის წინ სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან რეჟისორები ლორან კანტე და პასკალ ფერანი. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.