ქარიშხალმა "ფლორენსმა" 35 ადამიანი შეიწირა შეერთებულ შტატებში
ქარიშხალმა „ფლორენსმა“ 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა ევაკუირებულ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ დაბრუნდება შინ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე. როგორც იუწყებიან, მდინარეებში იზრდება წყლის დონე ძლიერი წვიმების გამო, დაიტბორა ფერმები და ქარხნები. დაზარალებულ რეგიონებში გადაკეტილია ასობით გზა, რაც ართულებს სამაშველო სამუშაოებს. ელექტრომომარაგების გარეშე რჩება 300 ათასზე მეტი სახლი. ვარაუდობენ, რომ მატერიალური ზარალი 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ქარიშხალი „ფლორენსი“ გასულ კვირაში დაატყდა აშშ-ის სანაპიროს. ამასობაში ის შესუსტდა და პოსტ-ტროპიკული ციკლონის კატეგორიაში შედის.