ილია მეორე იმედოვნებს, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტი კანონად არ იქცევა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი პოზიცია გამოხატა კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. პატრიარქის თქმით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და შეაჩერა კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. ილია მეორე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ამ საკითხს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას შეეხო.
„თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება“, - განაცხადა პატრიარქმა.