ნიკოლოზ შერაზადაშვილი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ესპანეთის სახელით
ნიკოლოზ შერაზადაშვილი 22 წლისაა, ძიუდოს ანბანი საქართველოში ისწავლა, ესპანეთის სახელით კი საერთაშორისო არენაზე პირველად ექვსი წლის წინ გავიდა. ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, უფროსებში კი პირველ დიდ წარმატებას წლეულს მიაღწია - აპრილში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს პირველობის დასრულებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) აიღო. უცხოეთის სახელით მოჭიდავე ქართველების მონაგარი კი გაცილებით შთამბეჭდავია. შერაზადაშვილის ტრიუმფამდე რობერტ მშვიდობაძემ (60 კგ) ვერცხლი რუსეთის ნაკრებს მოუპოვა, ვეტერანი ძიუდოისტის გიორგი ვაზაგაშვილის ვაჟმა, ვანო ვაზაგაშვილმა (81 კგ) კი, ვედატ ალბაირაკის გვარ-სახელით თურქეთისთვის მოიგო ბრინჯაო.