პარლამენტმა დაამტკიცა პუტინის გეგმა ქალებისთვის საპენსიო ასაკის რვის ნაცვლად ხუთი წლით გაზრდაზე
რუსეთის პარლამენტარებმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივა ქალებისთვის საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდის შესახებ, ნაცვლად რვისა, იმ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის თქმით, ცვლილებას მხარი დაუჭირა 450 წევრიანი სახელმწიფო სათათბიროს, ანუ პარლამენტის ქვედა პალატის 385-მა წევრმა. სათათბიროს შენობის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, თუმცა, ნევეროვის თქმით, პუტინის წინადადებისგან კენჭისყრაზე თავი არავის შეუკავებია და არც მის წინააღმდეგ წასულა ვინმე. კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა საპროტესტო მუხტის შემცირებას. ივნისში პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა, ბევრი წლის განმავლობაში უცვლელი ვითარების შემდეგ მთავრობა გამოდის კანონპროექტით, რომელიც საპენსიო ასაკს მამაკაცებისთვის 60-დან 65-მდე ზრდის 2028 წლისთვის, ქალებისთვის კი 55-დან 63 წლამდე, 2034 წლისთვისო. საპენსიო რეფორმის გეგმას მოჰყვა მწვავე პროტესტი და პუტინის რეიტინგის ვარდნა. ბოლოს პრეზიდენტი უშუალოდ ჩაება პროცესში და 29 აგვისტოს ტელევიზიით განაცხადა, ქალების საპენსიო ასაკი 63-ის ნაცვლად 60 იქნებაო.