გია იაკობაშვილმა აღიარა, რომ სხდომის ჩანაწერი გაანადგურა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, არხის მენეჯმენტისა და პროფკავშირების 12 სექტემბრის გაფართოებული სხდომის ჩანაწერი წაშალა. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართა, მან განაცხადა, რომ სხდომის ჩანაწერი უმრავლესობის, საბჭოს 5 წევრის თანხმობით, გაანადგურა, თუმცა არ დაასახელა, ვინ არის ის 5 ადამიანი. გია იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა, რომელზეც სამეურვეო საბჭოს თანამშრომელთა ხელშეკრულებებში ცვლილებების საკითხი განიხილებოდა, საჯარო არ იყო და შესაბამისად, საბჭოს სხდომის ჩანაწერის გასაჯაროების ვალდებულება არ ჰქონია.
გია იაკობაშვილის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი განსაკუთრებულ ინფორმაციას არ შეიცავდა, მისი გასაჯაროების შემთხვევაში კი არსებობდა ეჭვი, რომ რომელიმე მხარე მას დამონტაჟებულს, კონტექსტიდან ამოგდებული სახით გაავრცელებდა.
25 სექტემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გია იაკობაშვილის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე პროკურატურას მიმართა.