მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში შეხვდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას. საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების პროცესს. საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულები და გორის დაბომბვისას რუსეთის მიერ “ისკანდერის” გამოყენება. შეხვედრას დაესწრო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს; ასევე, იგეგმება მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა პატიმრების გაცვლის სფეროში.