პენიტენციური სამსახური: „ვანო მერაბიშვილს აღენიშნება დაავადების კლინიკური ნიშნების რეგრესირება“
„ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება, ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 3 ოქტომბერს, სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით). „მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციური პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.