ფაშინიანი უარყოფს არჩევნების გადადებას
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აზრით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს დეკემბერში და არა მაისში, როგორც ეს საპარლამენტო უმრავლესობას სურს. "მათ, ვინც აცხადებს, რომ არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს და არა ახლა, სურთ პოლიტიკური კრიზისი კიდევ რვა თვე გაგრძელდეს. ... ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ლოგიკას. ისინი, ვინც ამ ლოგიკას იზიარებს, თავიანთ ვიწრო ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებენ" - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ის მალე უნდა გადაიჭრას. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ასამბლეა უნდა დაიშალოს, თუკი ის ორი კვირის ვადაში ვერ შეძლებს პრემიერ-მინისტრის შეცვლას. ფაშინიანი ირწმუნება, რომ სამშაბათს საღამოს გარანტია მიიღო როგორც რესპუბლიკური პარტიის, ისე პარტია სომხეთის კეთილდღეობის მხრიდან - რომ მისი ტაქტიკური გადადგომის შემთხვევაში ისინი სხვა პრემიერ-მინისტრს არ აირჩევენ. თუმცა ამას უარყოფს თავად ეს ორი პარტია - მათი აზრით, ვადამდელი არჩევნები 2019 წლის მაისში უნდა გაიმართოს. ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში რესპუბლიკური პარტია ამბობს, რომ პოლიტიკურ ძალებს მეტი დრო ესაჭიროებათ არჩევნებისთვის მოსამზადებლად და საარჩევნო კოდექსში გაყალბების საწინააღმდეგო ზომების გასატარებლად. მსგავსი მოსაზრება გაიმეორა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, სომხეთის საკითხებზე მომხსენებელმა იულია ლოვოჩკინამ: "ჩვენ გვესმის ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდება, თუმცა მთავრობას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ ეს ვადამდელი არჩევნები გაიმართოს ევროპული სტანდარტების და დემოკრატიული არჩევნების ნორმების სრული დაცვით, და ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს კარგი და საკმარისი დრო ამ არჩევნებისთვის მოსამზადებლად". ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების მოწოდებით მას მერე გამოდის, რაც მისმა ბლოკმა გასულ თვეში დიდი უპირატესობით მოიპოვა წარმატება ერევანში გამართულ მერის არჩევნებში, მას სურს პარლამენტიდან წავიდნენ მისი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ამ დრომდე უმრავლესობას ინარჩუნებენ. ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ერევანში აქციები გამართეს ფაშინიანის მხარდამჭერებმა. ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.