ნიდერლანდი: გაძევებული რუსები კავშირში იყვნენ სკრიპალების და MH17-ის საქმეებთან
ნიდერლანდმა განაცხადა, რომ აპრილში გააძევა სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვის ოთხი თანამშრომელი შეთქმულებისთვის, რომლის სამიზნეები იყვნენ მსოფლიოში ქიმიური იარაღის მაკონტროლებელი ორგანიზაცია და 2014 წელს უკრაინის თავზე მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიება. ნიდერლანდის მთვარობამ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მზვერავებმა ელექტრონული მოწყობილობით აღჭურვილი ავტომანქანა დააყენეს ჰააგაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, და ცდილობდნენ მის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას.
ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრის, ანკ ბილეველდის თქმით, ოპერაცია გრუ-მ ჩაატარა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იძიებდა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში მოწამვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ლონდონი აცხადებს, რომ თავდასხმის უკან გრუ-ს ოფიცრები დგანან. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას. ჰააგაში განთავსებული ორგანიზაცია ამავე დროს იკვლევს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას.
ბილეველდის თქმით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა სამიზნე იყო ასევე 2014 წელს უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიება. თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი. ნიდერლანდელმა გამომძიებლებმა ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დაასკვენს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით, რომელიც რუსეთის სამხედრო შენაერთს ეკუთვნოდა. რუსეთი უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს.