სირიაში დაიღუპნენ პანკისელი ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი
სირიაში დაიღუპა პანკისის ხეობიდან წასული ოჯახის სამი წევრი, ცოლ-ქმარი აღაზა ბორჩაშვილი, კახა ტოხოსაშვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგნელმა, ოთარ მუთოშვილმა. მისთვის უცნობია რა ვითარებაში დაიღუპა ოჯახი, რომელიც სირიაში 4 წლის წინ გაემგზავრა. ვარაუდობენ, რომ აღაზა ბორჩაშვილი, კახა ტოხოსაშვილი და მათი შვილი დაბომბვას ემსხვერპლნენ. შეკითხვას, იყო თუ არა კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, მუთოშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ის იცის, რომ ოჯახი სირიაში იმყოფებოდა.
ინფორმაცია სირიაში ამ ოჯახის დაღუპვის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინაც გავრცელდა, თუმცა მაშინ ეს ცნობა არ დადასტურდა. აღაზა ბორჩაშვილის და კახა ტოხოსაშვილის მშობლები და ნათესავები სოფლებში, ჯოყოლოსა და ბირკიანში ცხოვრობენ.