ბაჰრეინმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა
გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაჰრეინში მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან ამოქმედდა. გამარტივებული რეჟიმი გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ამ თემაზე შეთანხმება.
აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც-აღნიშნულია განცხადებაში.