აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის ნაკრებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა
ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საჩუქრად საქართველოს რუკა გადასცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ეს ქმედება უკავშირდება ოლიმპიადაზე 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც რუსეთის წარმომადგენლებმა დაარიგეს მსოფლიოს რუკები, რომელზეც საქართველო ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო წარმოდგენილი.
“საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული – ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ბათუმის სპორტის სასახლე მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 24 სექტემბრიდან მასპინძლობდა. ოლიმპიადაში 180 ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა ჩინელ სპორტსმენთა ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 5 ოქტომბერს, ღამით გაიმართა.