ინგუშეთში დეპუტატები ამტკიცებენ, რომ გაყალბდა საზღვრის თაობაზე კენჭისყრის შედეგები
დეპუტატებმა ინგუშეთიდან რუსეთის პროკურატურაში და საგამოძიებო კომიტეტში გაგზავნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ კანონის თაობაზე პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონმდებელთა უმრავლესობამ შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. 4 ოქტომბერს მოწონებულ იქნა კანონი ტერიტორიების თანაბარი გაცვლის თაობაზე. ამის შემდეგ მას ხელი მოაწერეს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა.
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება მიტინგი შეთანხმების წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაგროვეს ხელმოწერები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ირღვევა ინგუში მოსახლეობის უფლებები და ისინი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.