"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, დაახლოებით 50-მა ადამიანმა, 15 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავის მერიის შენობის წინ. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს 14 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელებული ფაქტების გამოძიება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი აუდიოჩანაწერში მოყვანილი ყველა ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
„ხელისუფლებამ დანაშაულებრივად წაუყრუა ამ აუდიოჩანაწერს“, - თქვა ალექსანდრე ბერიძემ.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საათნახევრიან აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. „რუსთავი 2“-ის თანახმად, ჩანაწერი გაკეთებულია გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.