ირაკლი კობახიძე: „ცარიელ ადგილზე ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით“
„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება. რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელზეც მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერის საკითხის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ აუდიოჩანაწერის ირგვლივ წარმოქმნილ ყველა კითხვას ისევეგაეცემა პასუხი, როგორც ეს ოქუაშვილისა და ომეგას საქმეზე მოხდა. „რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, მე აქ ამოვიკითხე კონკრეტული მუქარა კონკრეტული პირის მხრიდან. ისევე, როგორც თავის დროს ამოვიკითხეთ მუქარა ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის არ ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვას პასუხები აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება ზოგად სურათს, გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერის შემდეგ და ეს საქართველო არის ისევ ის საქართველო, რაც იყო გუშინ. ეს არის ის საქართველო, სადაც წარსულში ნაცმოძრაობა აწამებდა აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს“.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერის საკითხზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლა მოითხოვეს.