ქუთაისში გაიმართა აქცია სახელწოდებით „ნუ ასარდაფებ!“
"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას" - ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია დღეს ქუთაისში. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდეს. ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებამ კრიმინალურ რეჟიმს “არა” უნდა უთხრას.
"ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს. ეს არის ნეპოტიზმის, ადამიანების სარდაფებში წამების, კორუფციის ჭუჭყი", - აცხადებს გია უკლება, მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი. ამავე მოძრაობის წარმომადგენელი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყნის უკუსვლის შესახებ საზოგადოებაში მხოლოდ ეჭვი არსებობდა, ჩანაწერების გასაჯაროებამ ეს დაადასტურა: "დადასტურდა, რომ დღეს ქვეყანა სარდაფით იმართება. თუ დღეს საკადრის პასუხს არ გავცემთ ხელისუფლებას, ჩვენს შვილებს უმომავლობისთვის გავწირავთ". მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, გიგა შუშანიას თქმით, ხელისუფლებას კორუფციაში ჩაფლული დამნაშავეების ბანდა მართავს: "საქართველოს დღეს კრიმინალების ბანდა მართავს. ქართველი ხალხის ხარჯზე ისინი სასახლეებს იშენებენ. აღმოჩნდა, რომ თითოეულ გავლენიან პირს ხელისუფლებაში ჰყავს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება".
აქციის მონაწილეების თქმით, 28 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა კრიმინალური რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს. მათივე ინფორმაციით, აქცია პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში.
"რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა გლდანის ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერი, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძეს, და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელს, დათო ცუხიშვილს ესაუბრება.