პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.“ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. „ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, 15 ოქტომბერს საღამოს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა, პირველად მისმა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გაავრცელა.