სალომე ზურაბიშვილი: სადაც საუბრობენ იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, ცალკე ბრიფინგს მიუძღვნის „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.
„სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. მე მიკვირს ის, რომ მთავრდება ახლა კამპანია და მთავარი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი. როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა. მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს ამ არჩევნებში რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რას პირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები ყველგან და მემგონი, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ კითხვაზე რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები“ - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე მომზადებულ შესაგებელში რუსეთი ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს ზურაბიშვილის წიგნიდან. ბაქრაძემ წარმოადგინა შესაბამისი ამონარიდი რუსეთის მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს შეტანილი შესაგებელი სარჩელიდან.