პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საგანგებო ეკონომიკური ზომების“ შესახებ, რომელთაც მიმართავენ უკრაინის „არამეგობრულ ქმედებებთან“ დაკავშირებით. ეს ცნობა 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ საიტზე. კონკრეტულად რა სანქციები იგულსხმება, ბრძანებულებაში ნათქვამი არ არის. პუტინმა მთავრობას დაავალა „განსაზღვროს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სია, რომლებთან მიმართებაშიც მიიღებენ საგანგებო ეკონომიკურ ზომებს“ და თან განსაზღვროს საკუთრივ ზომების რაობა. კიევს, ისევე როგორც აშშ-სა და ევროკავშირს, რუსი ოლიგარქების, რუსეთის კომპანიებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ შემოღებული აქვთ სანქციები, რომელთა მიზეზია 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარება. ივნისში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კონტრზომებზე დასავლეთის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.