მთავრობა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანიცაა დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში. პროექტის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს გაიმართა. 18 თვის განმავლობაში პროექტს განახორციელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პროექტი დაფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით - ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ხუთ ბიუროს დაამატებს რეგიონში მოსახლეობასთან უკეთესი კომუნიკაციისთვის. ასევე დაიწყებს თანამშრომლობას ადგილობრივ მედიაორგანიზაციებთან, რათა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობამ სწორი ინფორმაცია მიიღოს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ წამოიწყო.