სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ბრალდებას ქსენოფობიური განცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ნინოწმინდაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა ქსენოფობიური განცხადება. ზურაბიშვილის თქმით, საქმე ეხება „ტყუილ ციტატებს“. მე მხოლოდ ვადარებდი იმ პირობებს, როცა ორმაგი მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდაო, განაცხადა მან. მისი განმარტებით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ყველას შეუძლია ისარგებლოს პირობებით, რომლებიც ჩაწერილია კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში. 24 ოქტომბრის ტელედებატის დროს ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აღზრდილია ევროპაში. მან ამ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილა ტოლერანტობის ევროპულ ტრადიციაზე: საქართველოშიც შემწყნარებლობა არსებობს და ეს ორი კულტურა არის ჩემშიო. ტოლერანტობა, ზურაბიშვილის აზრით, არის ერთ-ერთი ის ფასეულობა, რომელიც საქართველომ უნდა გაიტანოს ევროპაში, რადგან ევროპა მას ახლა "შეიძლება ზოგჯერ კარგავდეს".