უეფას ევროპალიგის ფინალი შეიძლება თბილისში გაიმართოს
უეფამ ევროპალიგის 2021 წლის ფინალის სავარაუდო მასპინძელი ქალაქები დაასახელა და მათ შორისაა თბილისი. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩის ჩასატარებლად თბილისის „დინამოარენას“ კონკურენტებია ვენა („ერნსტ ჰაპელი“) და სევილია (სტადიონი მოგვიანებით დასახელდება).
2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობის მსურველთათვის დაწესებული ვადა 26 ოქტომბერს ამოიწურა. კანდიდატებს შორის საუკეთესო კი 2019 წლის მაისში ან ივნისში დასახელდება.
ევროპალიგის გარდა, გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქები.
თბილისის „დინამოარენამ“ 2015 წელს უმასპინძლა სუპერთასის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ და „ბარსელონამ“ 5:4 მოიგო.