ჩინეთი უგულებელყოფს დასავლეთის კრიტიკას მუსლიმთა უფლებების შესახებ
ჩინეთი აცხადებს, რომ დასავლელმა დიპლომატებმა გადააჭარბეს თავიანთ დიპლომატიურ როლს, როცა გაავრცელეს წერილი, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული ჩრდილოდასავლეთის სინიანის პროვინციაში მასობრივი დაკავებების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 15 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, "პრობლემური" იქნება, თუკი დიპლომატები სინიანის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენო. პეკინში უცხოეთის ელჩების ჯგუფმა წერილობით ითხოვა პროვინციაში შექმნილი ვითარების განხილვა. გაეროს მკვლევრების მიერ აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, სინიანში 1 მილიონამდე მუსლიმი, ძირითადად ეთნიკური უიღური, მოთავსებულია "კონტრ-ექსტრემისტულ ცენტრებში", კიდევ მილიონობით პირი გადაყვანილია იძულებითი განათლების ბანაკებში. პატიმრები და მათი ოჯახების წევრები ამბობენ, რომ დაკავებულებს აიძულებენ უარყონ თავიანთი რელიგია და კულტურა და ერთგულება შეჰფიცონ პრეზიდენტ სი ძინპინს და მმართველ კომუნისტურ პარტიას. ჩინეთის მთავრობისადმი მიწერილი წერილი არ გასაჯაროებულა, მაგრამ როიტერსი იუწყება, რომ მას ხელს აწერს დასავლეთის 15 ელჩი, მათ შორის კანადის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები. ჩინეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის თქმით, წერილი მოარულ ხმებს ეფუძნება და არღვევს ვენის კონვენციას, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს განაგებს.