სალომე ზურაბიშვილი: უნდა ავაშენოთ „თანამედროვე, სამართლიანი და ქართული“ საზოგადოება
„მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება და არა რაღაც კოპიო რომელიმე სხვა ქვეყნის - თანამედროვე, სამართლიანი და ქართული “, - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“ - წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ეს მიზანი დიდწილად დამოკიდებულია პედაგოგებზე, რადგან „განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება“.
„განათლება რას ნიშნავს? პირველ რიგში - პედაგოგების, მასწავლებლების პატივისცემას... ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი... არის ხელფასის საკითხი, სტატუსის საკითხი საზოგადოებაში, მაგრამ ასევე დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოებაში, რომ ესენი ოჯახებთან ერთად (და ხშირად გვავიწყდება ოჯახის როლი) ამზადებენ მომავალ საქართველოს. ეს არ არის მეორადი პროფესია... ეს არის ღერძი მომავალი საზოგადოების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ღიად უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს. სამოქალქო გაერთიანება საქართველოს მასშტაბით ათობით ათას ქალს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზნებად სახელდება: „ქალების ჩართვა და გაძლიერება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანასწორობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის იდეების პოლიტიკურ ასპარეზზე წინ წამოწევა, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებზე ზრუნვა, განვითარებაზე მიმართული პოლიტიკის ლობირება.“
17 ნოემბერს გამართულ შეხვედრას ორგანიზაციის რამდენიმე ასეული წევრი ესწრებოდა, მათ შორის - რეგიონებიდან. გამომსვლელები მათ მოუწოდებდნენ, რომ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და ხელი უნდა შეუშალონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას. გამომსვლელთა შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები: მარიამ ჯაში და გია ჟორჟოლიანი.