სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილია ახალი ბილბორდებით
„მე მგონი, ძალიან სწორია... ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ახალი ბილბორდების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. არჩევნების მეორე ტურისთვის დამზადებულ ახალ ბილბორდებზე საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე, ცალ-ცალკე არიან გამოსახული ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი მამაკაცები. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ახალი სარეკლამო ბილბორდები 15 ნოემბერს გამოჩნდა და საზოგადოებაში აქტიური დისკუსია გამოიწვია. საპრეზიდენტო კანდიდატს პრობლემად არ მიაჩნია, რომ მის სარეკლამო ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან გამოსახული.
სერიიდან „პრინციპული არჩევანი“, გამოჩნდა ასევე თავად სალომე ზურაბიშვილის ახალი ბილბორდებიც. არჩევნების პირველ ტურში მოქმედი სლოგანი - "ერთად საქართველოსთვის", მეორე ტურისთვის ჩაანაცვლა ახალმა სლოგანმა - „პრინციპული არჩევანი". სალომე ზურაბიშვილს მოსწონს ახალ ბილბორდებზე გამოსახული თავისი ახალი ფოტოც.
„მე მგონია, ჩემი სურათი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ის, რომელიც (მანამდე) იყო, პირველი სურათი... და მგონია, რომ ძალიან ვჩანვარ და ამაზე მეტი არის უბრალოდ უხერხული... მე ძალიან მომწონს ჩემი ახალი სურათი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.