ფინეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა GPS-ის სიგნალის შეფერხების გამო
ფინეთში რუსეთის ელჩი, პაველ კუზნეცოვი 19 ნოემბერს დაიბარეს ფინეთის სახელმწიფო მდივანთან, მატი ანტონენთან შეხვედრაზე, ფინეთის გლობალური პოზიციონირების სისტემის, GPS-ის სიგნალის შეფერხების გამო ნატოს მიერ ახლახან ჩატარებული, მასშტაბური სამხედრო წვრთნის დროს. "ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. შეფერხება სერიოზული საკითხია, რომელიც სამოქალაქო ავიაციას უშლის ხელს. ჩვენ ვიმოქმედებთ რუსეთის მიმართ, ამ საკითხს განვიხილავთ და პასუხებს დაველოდებით" - უთხრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმო სოინიმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 ნოემბერს, აშშ-ში მიმდინარე სახელმწიფო ვიზიტის დროს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ფინეთის GPS-ის სისტემაში შეფერხება რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა 12 ნოემბერს, ნატოს წვრთნების დროს. კრემლმა უფრო ადრე უარყო ფინეთის განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა განზრახ შეაფერხა სიგნალი წვრთნების პერიოდში. "ჩვენ არაფერი ვიცით რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე GPS-ის ამ ჩავარდნებში" - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა და დასძინა: "ახლა მოდაშია რუსეთისთვის ყველა მომაკვდინებელი ცოდვის დაბრალება. როგორც წესი, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა". წვრთნების დროს ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურმა გაფრთხილება გაავრცელა GPS-ის სისტემის მასშტაბური შეფერხების გამო ქვეყნის ჩრდილოეთში. რუსეთი ახლახან დაადანაშაულა ნორვეგიამაც, რომელმაც ანალოგიური გაფრთხილება გაავრცელა თავის საჰაერო სივრცეში.