ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაეცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და სამხედრო დაჯგუფების ყოფილი ლიდერი ალფრედ იეკატომი. ის შაბათს ჩაიყვანეს ჰააგაში, ICC-ს დაკავების ცენტრში. ეს არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ჰააგის ტრიბუნალისთვის პირის პირველი ექსტრადიცია. იეკატომს ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა: მკვლელობა, წამება, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამხედრო ოპერაციებში ბავშვების გამოყენება. ICC-ს წინასასამართლო პალატამ ალფრედ იეკატომის დაკავების ორდერი 2018 წლის 11 ნოემბერს გასცა. ჰააგის ტრიბუნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალფრედ იეკატომი სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა 3000-კაციან შეიარაღებულ დაჯგუფებას „ანტი-ბალაკა“-ს ანტიმუსულმანური მოძრაობის ფარგლებში, რომელიც დიდწილად ქრისტიანებისგან შედგებოდა და შეიქმნა, როგორც მუსულმანური შეიარაღებული ჯგუფის „სელეკას“ საპირისპირო ძალა. ICC-ს წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ „ანტი-ბალაკა“ სულ მცირე 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ახორციელებდა ფართომასშტაბიან და სისტემატურ თავდასხმებს მუსულმან მშვიდბიან მოსახლეობაზე და ყველაზე, ვისაც „სელეკა“-ს მხარდამჭერად ჩათვლიდა. ალფრედ იეკატომს ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სხვადასხვა არეალში 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ ალფრედ იეკატომმა თავად ჩაიდინა, ან ბრძანება გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩასადენად. პალატა აგრეთვე თვლის, რომ იეკატომი პასუხისმგებელია როგორც სამხედრო მეთაური.
ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა: "დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ბატონი იეკატომი მივიჩნიეთ პასუხისმგებლად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის აგვისტომდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებში. ახლა მან ამ ქმედებების გამო პასუხი უნდა გასცეს სასამართლოს. ბატონი იეკატომი, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აღმოჩენილი ნებისმიერი სხვა ეჭვმიტანილი, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება. ნებისმიერი ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის მიმართ, რომელიც წარდგება სასამართლოს წინაშე, მოქმედებს რომის სტატუტით განსაზღვრული საერთაშორისოდ აღიარებული შესაბამისი საპროცესო გარანტიები".