რუსი ვეტერანები საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ დაქირავებული მებრძოლების შესახებ ცნობებზე
ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს რუსი სამხედრო ვეტერანების ჯგუფებს, საჩივარი შეიტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რათა გამოძიებულ იქნეს ცნობები დაქირავებულ მებრძოლებზე რუსეთის უსაფრთხოების კერძო ფირმებში. რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის ხელმძღვანელმა, ევგენი შაბაევმა რადიო თავისუფლებას 19 ნოემბერს უთხრა, რომ ჯგუფმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეიმუშავა საჩივარი, რომლითაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას მიმართავს. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ამდენად ჯერჯერობით გაურვკეველია როგორ უპასუხებს სასამართლო ჯგუფის საჩივარს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მხოლოდ იმ შემთხვევებში მოქმედებს, როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობას არ სურს, ან არ შეუძლია გამოიძიოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იმ ქვეყნებში, რომლებიც სასამართლოს წევრი სახელმწიფოები არიან. რუსეთის მთავრობა არ აღიარებს კერძო სამხედრო კონტრაქტორების გამოყენებას საზღვარგარეთ, და დაქირავებულ მებრძოლთა მოქმედებები რუსეთის კანონებით უკანონოა. მოსკოვს ნათქვამი აქვს, რომ რუსი სამოქალაქო პირები, რომლებიც უცხო ქვეყნების კონფლიქტებში იბრძვიან, ამას თავიანთი ნებით აკეთებენ და რუსეთის არმიასთან კავშირი არ აქვთ. ვეტერანების ჯგუფები აცხადებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში "ათასობით საჩივარი" მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო კონფლიქტებში აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სხვაგან.