გაეროში აშშ "აღმაშფოთებელს" უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინის ხომალდების დაკავებას
გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ რუსეთის გააფრთხილა, რომ მის მიერ უკრაინის სამი სამხედრო ხომალდის დაკავება წარმოადგენს "უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელ დარღვევას" და "თავხედურ აქტს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს". 25 ნოემბერს უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქერჩის სრუტესთან რუსეთის მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსეთის მესაზღვრეები იძულებული იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს.