ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს ორი ავიაკომპანიის შეზღუდვის ბრალდებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ვიზეარისა“ და „მაივეის“ შევიწროვების თაობაზე.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ვიზეარის“ საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “ვიზეარი ს“ საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.“- წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია „ვიზეარის“ საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს, ხოლო „მაივეი ეარლაინზს“ არ აძლევენ სიხშირეებს რუსეთის მიმართულებით ფრენებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სამინისტროს განცხადებით შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია არც კომპანია „მაივეის“ შემთხვევაში:
„საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ "მაივეი ეარლაინზს“ დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ხუთი მიმართულებით. დღემდე აღნიშნულ ავიაკომპანიას სიხშირეების მინიჭების შესახებ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოუდგენია."
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დეზინფორმაციის გავრცელებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“
„როგორც ჩანს, „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელები და მათ უკან მდგარი პირები არ იცნობენ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობას და შეთანხმებას „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.“- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
რადიო თავისუფლება განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და სულ მალე შემოგთავაზებთ დამატებით ინფორმაციას.