ჩერნოგორია სერბეთს სთხოვს განმარტებას გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილის შესახებ
ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მან მოითხოვა სერბეთის ოფიციალური პოზიციის განმარტება სამ დღეში მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილმა ბრანკა მილიჩმა სასამართლოს სხდომის დროს დარბაზი დატოვა და გამოაცხადა, რომ მისი უფლებები ირღვევა. პოდგორიცის სასამართლომ გასცა განკარგულება მილიჩის დაკავების შესახებ, მაგრამ ის სერბეთის საელჩოში აღმოჩნდა.
ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სერბეთის ელჩმა ზორან ბინგულაჩმა დაადასტურა, რომ მილიჩი საელჩოშია და რომ სერბეთი „აცნობიერებს სამართლებრივ პროცედურებთან“ დაკავშირებულ ვალდებულებებს. მილიჩის ადვოკატი მოითხოვს გარანტიას, რომ ბოლო მოეღება „ფსიქოლოგიურ ძალადობას“ მის კლიენტზე.
სერბეთის მოქალაქე მილიჩი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ის კიდევ 13 პირთან ერთად ეჭვმიტანილია 2016 წლის ოქტომბერში ჩერნოგორიის მთავრობის დამხობის მცდელობაში.
ჩერნოგორიის ხელისუფლება აცხადებს, რომ 14 პირი - მათ შორის სერბეთისა და რუსეთის მოქალაქეები - გეგმავდა პარლამენტზე კონტროლის დამყარებას საპარლამენტო არჩევნების დროს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის მოკვლას და პრორუსული მმართველობის დამყარებას, რათა არ დაეშვა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანება.
პოდგორიცა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცრებს ადანაშაულებს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. საგამოძიებო ჯგუფი „ბელინგკეტი“ და რუსული ვებპორტალი „ინსაიდერი“ ავრცელებენ ცნობას, რომ დაადგინეს გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ორი რუსი აგენტის ვინაობა. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას. 2017 წლის ივნისში ჩერნოგორია გახდა ნატოს 29-ე წევრი.