"აზოტიდან" გათავისუფლებულებმა პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს
სააპელაციო სასამართლომ 27 ნოემბერს გამართულ პროცესზე უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავის "აზოტიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
გაერთიანებული პროფკავშირების ადვოკატმა თამარ სურმავამ, რომელიც მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღესვე აპირებენ მიმართონ სააპელაციოს, რათა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდეს. მისივე განმარტებით, "აზოტს" შეუძლია აღსრულების ნაწილში იმავე სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება გაურკვეველი ვადით გადადოს.
"აზოტის" 300-მდე თანამშრომელი 2017 წლის იანვარში სამსახურიდან გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც საწარმო "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "ე.უ.ინვესტმენტის" საკუთრებაში გადავიდა. შპს "აზოტს" ბანკის მიმართ ჰქონდა საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც ვერ დაფარა.
არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, სამსახურიდან გათავისუფლებულთაგან დიდი ნაწილი კომპენსაციაზე დათანხმდა, 56-მა კი მასზე უარი თქვა და სასამართლოს მიმართა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2018 წლის თებერვალში მოსარჩელეებმა პროცესი მოიგეს, მარტში კი "აზოტმა" ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.