ავღანელი ოფიციალური პირები: 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავიაიერიშის შედეგად
ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად. ჰელმანდში ძლიერი პოზიცია აქვთ თალიბებს. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია აცხადებს, რომ ავღანელმა ჯარისკაცებმა და ამერიკელმა კონსულტანტებმა 27 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც მათ ცეცხლი გაუხსნეს თალიბებმა - მოითხოვეს საჰაერო ძალების მხარდაჭერა. მათთვის არაფერი იყო ცნობილი ახლოს სამოქალაქო პირების ყოფნის შესახებ. ჰელმანდის გუბერნატორის, მოჰამად იასინ ხანის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა როგორ თალიბებს შორის, ისე სამოქალაქო პირებს შორის. ხანის განცხადებით, დაიღუპა 16 თალიბი მეამბოხე და მიმდინარეობს გამოძიება დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობის დასადგენად. ჰელმანდის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ატაჰულაჰ აფღანის ინფორმაციით, ავიაიერიშმა შეიწირა, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი. ამავე რიცხვს ასახელებს კანონმდებელი ჰელმანდიდან, აბდულ უადოდ პოპული.