დავით ბაქრაძე: „ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას“
პარტია „ევროპული საქართველო" აპირებს დაელოდოს ცესკოს საბოლოო შედეგების გამოქვეყენებას და ფართე კონსულტაციების შემდეგ მიიღოს გადაწვეტილება სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ კარგად აცნობიერებს იმას, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება შექმნილ ვითარებაში თითოეულ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას.
„ამიტომ გვექნება კონსულტაციები, მათ შორის როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ყოველივე ამის შემდეგ, გააზრებულად და მშვიდად, უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, საარჩევნო პროცესი იყო უკიდურესად მძიმე, რომელიც თავის თავში შეიცავდა უხეშ დარღვევებს, განსაკუთრებით პირველ და მეორე ტურებს შორის შუალედში.
„ხელისუფლებამ გამოიყენა მთელი არსენალი მეთოდებისა: ადმინისტრაციული რესურსი, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ქუჩის ელემენტები და კრიმინალები საარჩევნო სტრატეგიაში და ა.შ. - ყოველივე ამის გამო ეს არჩევნები არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისათვის“, - მიაჩნია დავით ბაქრაძეს