პარიზში პოლიციელებთან დაპირისპირებისას დააკავეს ათობით დემონსტრანტი
პარიზში პოლიციელებთან დაპირისპირებისას დააკავეს ათობით დემონსტრანტი, რომელიც აპროტესტებს გადასახადების ზრდას. ცნობების თანახმად, დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს პარიზის ცენტრში და ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი ტვიტერში წერს, რომ პარიზის ერთ-ერთი ცენტრალური და ცნობილი გამზირის, შანზ-ელიზეს მიდამოებში იმყოფება 1500 „წესრიგის დამრღვევი“ და 1 დეკემბერს დააკავეს 63 ადამიანი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების შესაჩერებლად. კასტანერი ახსენებს შანზ-ელიზეზე მყოფ 200 მშვიდობიან დემონსტრანტსაც, რომლებსაც ჩაცმულობის გამო „ყვითელ ჟილეტებს“ უწოდებენ.
აქციების შესახებ იუწყებიან საფრაანგეთის სხვა რეგიონებიდანაც. იქ, უმეტესწილად, მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.
გადასახადების მატებასთან ერთად, უკმაყოფილებას იწვევს, ზოგადად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობა.