მერკელმა და პუტინმა ისაუბრეს აზოვის ზღვის კრიზისის შესახებ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას გამოვიდა მოწოდებით, უზრუნველყოფილ იქნეს ნაოსნობის თავისუფლება აზოვის ზღვაში. მათი შეხვედრა გაიმართა ბუენოს-აირესში „დიდი 20“-ის სამიტის დროს.
მერკელის პრესმდივანმა შტეფერ ზაიბერტმა აღნიშნა, რომ 1 დეკემბერს საუბრის მთავარი თემები იყო ომი სირიაში და დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის.
25 ნოემბერს რუსეთმა ანექსირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან დააკავა უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და მათზე მყოფი 24 მეზღვაური. მოსკოვი მათ ადანაშაულებს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლაში.
ევროკავშირი და აშშ აკრიტიკებენ რუსეთის ქმედებებს და მოითხოვენ ხომალდებისა და ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ ორ ქვეყანას შორის შუამავლობის ინიციატივით.
როგორც ზაიბერტმა განაცხადა, მერკელი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ოთხმა ქვეყანამ დამატებით მოლაპარაკება უნდა გამართოს „მრჩეველთა დონეზე“.