რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით რუსთავში დააკავეს ერთი პირი
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს. გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 142-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კამერუნელ ჯორჯ უემსს 28 ნოემბერს რუსთავის N17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს. ჯორჯის განმარტებით, სამარშრუტო ტაქსიში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.