პუტინმა მონაწილეობა მიიღო მმართველი პარტიის ყრილობაში
8 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ მე-18 ყრილობაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. „არიან ისეთები, რომლებიც კონიუნქტურით სარგებლობენ და სიამოვნებით ეტმასნებიან მმართველ პოლიტიკურ ძალას; არიან ისეთებიც, რომლებიც უმსგავსოდ იქცევიან. გთხოვთ, რომ ამ ყველაფერს ძალიან გულმოდგინეთ მოეკიდოთ“, - განაცხადა პუტინმა. „ერთიანი რუსეთის“ ყრილობის ფონია მმართველი ძალისა და პრეზიდენტის რეიტინგების მკვეთრი ვარდნა. ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პუტინის რეიტინგი მაისიდან 20 %-ით შემცირდა და ამჟამად გამოკითხულთა მხოლოდ 45%-ი უჭერს მხარს რუსეთის ლიდერს. მმართველი პარტიის რეიტინგი კი 35,4%-ია. რეიტინგის მკვეთრი დაცემის მიზეზად სახელდება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და არაპოპულარული საპენსიო რეფორმა.