ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი" ევროპა ლიგის ჩემპიონი გახდა
8 დეკემბერს ბუქარესტში გამართულ ევროპის მეორე რანგის საკლუბო ჩემპიონატის - ევროპა ლიგის - შეხვედრები გაიმართა და გორის ძიუდოს კლუბმა „გოლდენ გორმა” ელიტარული ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ტიტულოვანი ძიუდოისტებით დაკომპლექტებულმა კლუბმა, რომელიც გორში რამდენიმე კვირის წინ დაფუძნდა, რუმინეთში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო. ფინალის გზაზე „გოლდენ გორმა“ დაამარცხა გერმანიის „ლაიპციგი” (4:1), იტალიის „ფიამე ჯიალე” (4:1) და სერბიის „კინეზისი“ (5:0), გადამწყვეტ ბრძოლაში კი საფრანგეთის „ლე-ბლან-მენილთან" იმარჯვა (3:2).
„გოლდენ გორის” შემადგენლობაში იჭიდავეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლუკა მაისურაძემ (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და უშანგ კოკაურმა (+90 კგ).
ბუქარესტში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებიც გაიმართა და ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული ლისაბონის „სპორტინგმა“ მოიპოვა, რომლის რიგებშიც გამოდიოდნენ პორტუგალიის ნაკრების წევრი ანრი ეგუტიძე და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი.