სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
სომხეთში დაიწყო ხმის მიცემა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში. საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“, არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. გელაპის წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, რომელიც 1-4 დეკემბერს ჩატარდა და 1100 ამომრჩევლის აზრს ასახავს, ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“ ამომრჩეველთა 69,4 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს.
პარლამენტის 101 ადგილისათვის სულ 11 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, მათ შორისაა ნიკოლ ფაშინიანის „ჩემი ნაბიჯი“ და სომხეთის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მსხვილი ფრაქცია ჰქონდა და რომლის წევრიც იყო პრემიერის პოსტზე ფაშინიანის წინამორბედი, სერჟ სარგსიანი. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის სათავეშია სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიგენ სარგსიანი.
ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოქტომბერში გადადგა, რათა დაშლილიყო პარლამენტი და მიეღწია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის.