რუს უფლებადამცველს უარი უთხრეს ლიუდმილა ალექსეევას დაკრძალვაზე დასასწრებად ციხიდან გაშვებაზე
ცნობილი რუსი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი, რომელიც 16-დღიან პატიმრობას იხდის, ვერ დაესწრება მეგობრისა და თანამებრძოლის, ლიუდმილა ალექსეევას დაკრძალვას. პონომარიოვის თხოვნა, დროებით გაეშვათ ციხიდან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პონომარიოვი დაპატიმრებულია არასანქცირებული აქციის შესახებ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციის რეპოსტისთვის. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ პონომარიოვის დაპატიმრებას „უაზრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არათუ ალექსეევას დასაფლავებაზე, „საერთოდ“ უნდა გაუშვან.
ვეტერან უფლებადამცველთან გამოთხოვების ცერემონია სამშაბათს, მოსკოვის „ჟურნალისტის სახლში“ გაიმართება, ცნობების თანახმად, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე, რადგან მოელიან, რომ ცერემონიაზე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მივა.
მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, ლიუდმილა ალექსეევა შაბათს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.