მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები მოითხოვენ მეტ ზომას სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები მოითხოვენ კონფლიქტების დროს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის გააქტიურებას და მოძალადეთა გასამართლებას.
ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ კონგოელი ექიმი დენის მუკუეგე და იეზიდი აქტივისტი ნადია მურადი, რომელთაც 10 დეკემბერს ოსლოში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია. ისინი გაიყოფენ პრემიასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოს, 9 მლნ შვედურ კრონს (1 მლნ დოლარი).
მუკუეგეს პრემია მიენიჭა ომის იარაღად გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. აღმოსავლეთ კონგოში მას დაარსებული აქვს საავადმყოფო, რომელშიც მკურნალობს ქვეყანაში ორი ათწლეულის წინ დაწყებულ კონფლიქტებში დაზარალებულ ადამიანებს.
მუკუეგე საჭიროდ მიიჩნევს ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის გადახდას, რათა მან ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. „მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, შეიქმნას შეიარაღებულ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საკონპენსაციო ფონდი“, განაცხადა მან ოსლოში.
ხოლო ნადია მურადმა, რომელიც თვითონაც გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როცა ის 2014 წელს შეიპყრეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, აღნიშნა, რომ მსხვერპლის ღირსების აღსადგენად აუცილებელია დამნაშავეთა გასამართლება.