ოპოზიცია თელავში აქციის გამართვის ადგილს არ ცვლის
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გამართავს ისტორიულ ჭადარსა და მეფე ერეკლეს ძეგლს შორის მოედანზე და ალტერნატიული ადგილის მოძებნას არ აპირებს-ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ: "ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, აქციის მონაწილეები თელავში თბილისიდან ორგანიზებულად 16 დეკემბერს 9 საათზე გაემგზავრებიან.