ოთხამდე გაიზარდა სტრასბურგში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ოთხამდე გაიზარდა სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ადგილზე, 11 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საფრანგეთის ხელისუფლებამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. მანამდე ცნობილი იყო ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. პარასკევის საღამოს ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა თავდასხმის დროს დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამი დღის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი აღმოჩნდა იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო მეგალიცი. ამის შესახებ 14 დეკემბრის საღამოს განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ. ჟურნალისტი მუშაობდა რადიოსადგურ Europhonica-სთვის და ატარებდა საკუთარ გამოძიებას. სტრასბურგში თავდასხმა განახორციელა 29 წლის შერიფ შეკატმა, რომელიც პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად წუხელ მოკლა.