კიევში საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია
თავად პოროშენკო, რომელიც ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის აქტიური მომხრეა, ესწრებოდა კრებას. კრება კიევში, სოფიის ტაძარში გაიმართა. კრებაში მონაწილეობდნენ ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები.
ახალი ეკლესიის შექმნის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მას ავტოკეფალია უნდა მიანიჭოს. როგორც იტყობინებიან, ტომოსის - ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის - გადაცემა მომავალი წლის 6 იანვარს მოხდება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ახლახან მიმართვები დაუგზავნა რომის პაპს, ფრანცისკეს, მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე რიგ ქვეყნებს. მათში კირილე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.