ბახტაძე: ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გაცდა კანონის ჩარჩოებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიფინგით გამოეხმაურა პრეზიდენტის ინაუგურაციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა:
"კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღევა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ოპოზიციური ძალის ბევრი წარმომადგენელი გაცდა კანონის ჩარჩოებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნა შემჩნეული ძალადობაში, იქნა შემჩნეული შეურაცხყოფაში, თუ როგორ აყენებდნენ ისინი შეურაცხყოფას ჩვენს პოლიციელებს, რიგით მოქალაქეებს, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ კანონის წინაშე პასუხს".
ბახტაძის თქმით, "ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანად, კანონის ჩარჩოებში, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს".
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის. ბახტაძემ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებზეც და განაცხადა, რომ სამართლამდამცველების პროფესიონალიზმის გამო "მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა" არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა. პრემიერ-მინისტრმი შეეხო ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასაც და თქვა, რომ საპარლამენტო მოდელი დადებითი იქნება საქართველოსთვის. 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ბახტაძის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე შს სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების თაობაზე. უწყების ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
"გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით. გაერთიანეუბული ოპოზიცია კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს.