ავღანეთის ლიდერები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ აშშ-ის გასვლას, თუმცა სამხედრო პირებში მღელვარებაა
ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ გავლენას, რომელსაც აშშ-ის სამხედროების შესაძლო გასვლა მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თუმცა ავღანეთის არმიის წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ საფრთხე შეექმნება ქვეყნის სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი წვრთნა და აღჭურვილობა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის პრესმდივანმა, ჰარუნ ჩახანსურიმ 21 დეკემბერს თქვა, რომ აქტიური საბრძოლო ოპერაციები ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ 2014 წლიდან გადააბარა ავღანეთის ძალებს, და დასავლეთის სამხედროები მხოლოდ წვრთნის და მრჩევლის ფუნქციებს ასრულებენ. პრესმდივნის ეს სიტყვები იყო ავღანეთის პირველი ოფიციალური რეაქცია აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების "მნიშვნელოვნად" გაყვანას. დასავლეთის მედია იუწყება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია აშშ-ის ძალების დაახლოებით ერთი ნახევრით შემცირებაზე, თუმცა ვადები დადგენილი არ არის.